საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ის დღეს, 26 მაისის აღსანიშნავ ცერემონიაზე არ დაპატიჯეს, ასევე, არ მიიწვიეს გენერალ გიორგი კვინიტაძის დაკრძალვაზე. მათზე დასწრება მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს შეეძლოთ.
“ბუნებრივი გაგრძელებაა ქართული პოლიტიკური კულტურის. გუშინ საღამოს, ღამის 11 საათზე მომიტანეს კონცერტზე მოსაწვევი. ჩემთვის ყველგან ზეიმი იყო დღეს, ყველა ადგილას, საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
არ მქონდა [საშვი], ბუნებრივია, ჩემთვის ეს არცაა გასაკვირი, იმიტომ რომ ისევ ის ლოგიკაა, რომ სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფოებრივი ტრადიციები უკანა პლანზეა და წინა პლანზე – ვინ რომელი კლანის წევრია. მე არასდროს ვყოფილვარ არც ერთი ამ კლანის წევრი და არც ერთი ელიტის წევრი”,– თქვა მარგველაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ის ადამიანებს არანაირი ნიშნით არ ჰყოფდა და ცერემონიებზე როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას ეპატიჟებოდა.