საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს, ხვალ გახდება ცნობილი. დოკუმენტის საბოლოო დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა.

სპეციალური პრევენციული ღონისძიებები კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა.

სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ინსპექტირებას გაივლიან და შრომის ინსპექცია შეამოწმებს მათ შესაბამისობას დადგენილ რეგულაციებთან.

ბიზნესსუბიექტების მოსაზრებების მაქსიმალური გათვალისწინების შედეგად შემუშავდა მოთხოვნები ტურისტული ტრანსპორტისთვისაც. სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას. სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს უსაფრთხო დერეფნებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები. აღინიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველა იმ მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიების ეფექტური გატარება, რომელიც ორიენტირებულია როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საერთაშორისო ვიზიტორების ჯანმრთელობის დაცვაზე.