საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას მე-9 კონგრესმენი მიემხრო

საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესების კანონპროექტს აშშ-ის კიდევ ერთი, მე-9 კონგრესმენი, რობ ბიშოპი მიემხრო. ამის შესახებ ინფორმაცია კონგრესის ოფიციალურ საიტზე დევს.

ოფიციალური მონაცემებით, კონგრესმენმა კანონპროექტს მხარი 5 მაისს დაუჭირა.

რობ ბიშოპი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში იუტას შტატის წარმომადგენელი და დელეგაციის ხელმძღვანელია.

სანქციების კანონის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს დოკუმენტი, სადაც:

  • გამოვლენილი იქნება, მოქმედებს თუ არა საქართველოს მთავრობა, რათა ძირი გამოუთხაროს ვალდებულებებს თუ საკონტრაქტო შეთანხმებებს აშშ-ის მოქალაქეებთან, რომლებიც საქართველოში ჩართულები არიან ბიზნესში;
  • იდენტიფიცირებული იქნებიან უცხოელი პირები, რომლებიც არიან საქართველოს მთავრობის მოქმედი ან ყოფილი ოფიციალური პირები და პასუხისმგებლობა აქვთ პირველ პარაგრაფში მოცემულ აქტივობებზე (ანუ, აშშ-ის მოქალაქეებთან ვალდებულებებისთვის თუ საკონტრაქტო შეთანხმებებისთვის ძირის გამოთხრაზე);

იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი ბიზნესმენების უფლებების დარღვევა დადგინდა, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასა და ოფიციალურ პირებს სანქციები უნდა დაუწესოს.

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა მარკვეინ მალინმა საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი 2019 წელს შეიმუშავა, მისმა თანაპარტიელმა კონგრესმენებმა აქტის მხარდაჭერა ერთი წლის შემდეგ დაიწყეს.

მალინმა გიორგი გახარიას წერილიც გაუგზავნა, რომელშიც დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.