საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში თავშესაფრის მიღების შანსი მცირდება

გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შანსები მცირდება.

ბუნდესრატის გადაწყვეტილებით, საქართველო და მოლდოვა თავშესაფრის შესახებ კანონების მხრივ წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნებად ჩაითვლებიან. თავშესაფრის შესახებ საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების განცხადებები უფრო სწრაფად განიხილება და, ძირითად შემთხვევებში, შესაძლოა უარყოფილ იქნას. გერმანიის მთავრობის ცნობებით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან და მოლდოვიდან თავშესაფრის მაძიებელთა აღიარების დონე დაახლოებით 0.1%-ს შეადგენდა. ამჟამად კი, გერმანიაში თავშესაფრის შესახებ უარყოფილი განცხადებების 15% საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებზე მოდის. ფედერალური საბჭოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძველს ქმნის იმისთვის, “რომ ახლა მიგრაციის შესახებ შეთანხმებები გამოყენებულ იქნას ორივე ქვეყანასთან ისედაც კარგი თანამშრომლობის ახალ დონემდე გასაზრდელად და უკანონო მიგრაციის მნიშვნელოვნად შესამცირებლად”.