საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა – საგარეო აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაციაზე

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა, ტანკერ Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში ყოფილიყვნენ, უწყებაში არ შესულა.

„2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი ატლანტის ოკეანეში 7 იანვარს დააკავა.