საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ კნირში ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ გერმანია სოფლის მეურნეობის სფეროში სამუშაოდ საქართველოს ყველა მოქალაქეს მიიღებს.
ელჩის ინფორმაციით, ეს დროებითი, 3–თვიანი დასაქმების პროგრამა იქნება.
“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ძალიან კარგად იცნობს ამ დარგს და შეეძლებათ, წვლილი შეიტანონ გერმანიის სოფლის მეურნეობაში, ისევე, როგორც დაბრუნების შემდეგ თავისი ქვეყნის იმავე სფეროში”. – თქვა ჰუბერტ კნირშმა.
სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება, რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან დაიწყება და მთელი წლით გაგრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- საქართველოს მოქალაქე;
- ასაკი — 18 წლიდან 60 წლამდე;
- გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
- ფიზიკური ჯანმრთელობა;
- მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
- ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
- გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია).
უწყების განცხადებით, სამუშაო დრო არის 5-6 დღე კვირაში და 8-10 საათი დღეში, მინიმალური ხელფასი — 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.
“რეგისტრაციის შემდეგ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვისცენტრში მისვლისას მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი.
კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე”, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განცხადებით, სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება უფასოა