საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, ფინეთსა და კვიპროსში დასაქმების შესაძლებლობაც მიეცეთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაის განცხადებით საქართველოს მოქალაქეები შესაძლოა, ფინეთსა და კვიპროსშიც დასაქმდნენ. საკითხზე ფინეთსა და კვიპროსთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

„უკრაინაში ომისა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციული პროცესების გამო, ზოგადად, ევროკავშირის ქვეყნებმა ცირკულარული მიგრაციის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერეს. ადგილობრივ ბაზარზე სამუშაო ძალის საჭიროებების ხელახალი გადაფასება ხდება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან უკვე შემდეგ ნაბიჯებს, თუმცა ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა.

ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ფინეთთან, ასევე კვიპროსთან. ცირკულარული მიგრაცია დამოკიდებულია შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის საჭიროებაზე. შესაბამისად, სამუშაო ძალის საჭიროებაზე ხელახალი კვლევის შედეგებს ელოდებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ჩვენთვის ცნობილი, რა მოლოდინები აქვთ მათ. როგორც ვერ იტყვი უკრაინის ომს, რა ვადაში შეიძლება ჰქონდეს დასასრული, ასევე რთულია მიგრაციული პროცესების წინასწარ განჭვრეტა“, – განაცხადა ბარკალაიამ.