საქართველოს ორ მოქალაქეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს იასონ გენგიურს და სერგო მერებაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა – ინფორმაცია ერგნეთის დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გააჟღერა.

“მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებაზე. გაზიარებული იქნა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ, იასონ გენგიურის და სერგო მერებაშვილის საქმეზე. მათ მიესაჯათ უკანონო პატიმრობა ორი წლით და ექვსი თვის ვადით. მათ ედავებოდნენ ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთას და ასევე უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას…

რაც შეხება უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს, გამახვილდა ყურადღება უკანონო ბორდერიზაციის დესტრუქციულ ხასიათზე  და მითითებული იყო კონკრეტული ლოკაციები. ჩვენ  მსჯელობის დროს გავააქტიურეთ თამაზ გინტურის საკითხი. პოზიცია არის უცვლელი, თუმცა სამართლის აღსრულება არის პრიორიტეტი, როგორც თამაზ გინტურის ასევე ყველა ჩვენი თანამოქალაქის შემთხვევაში, რომელიც იყვნენ მოკლული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე”- განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

გენგიური და მერებაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 2024 წლის 16 სექტემბერს დააკავა. მათ არარსებული საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, ინფრასტრუქტურის დაზიანებას ედავებიან. ამ დროისთვის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება.