საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს, ფრანცისკეს ესაუბრა
საუბარი შეეხო კორონავირუსის კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისაგან გულთბილი მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ სწორედ საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობაზე ესაუბრა დღეს კათოლიკოს პატრიარქს შეხვედრისას.
საუბარი შეეხო ასევე, მსოფლიოში ეკოლოგიურ მდგომარეობასა და გარემოსდაცვით საკითხებს, რომელიც რომის პაპის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის ეკოლოგიის დაცვა და ქვეყანაში არსებული ეკოსისტემების შენარჩუნებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოსდაცვით საკითხებში იგი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით ესაუბრა. რომის პაპმა განაცხადა, რომ კრიზისის დროს კიდევ უფრო ნათლად ჩანს რამდენად დიდია ურთიერთსაჭიროება და ერებს შორის ძმობის აუცილებლობა.
რომის პაპი 14 მაისს პანდემიისაგან დედამიწის ხსნისათვის ლოცვას აღავლენს. მან საქართველოს პრეზიდენტს აღუთქვა, რომ ილოცებს საქართველოსთვის, როგორც უდიდესი სულიერების მქონე და მისთვის ძვირფასი ერისათვის.