საქართველოს პროევროპული პრეზიდენტი ზეწოლის ქვეშ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელშიც ხელისუფლების მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებაა საუბარი,რომელიც მმართველმა პარტიამ იმის გამო წამოიწყო რომ პრეზიდენტს მთავრობასთან ბერლინსა და ბრუსელში ვიზიტები არ შეუთანხმებია. გერმანული მედიის ინფორმაციით, ზურაბიშვილს პირობები წაუყენა ოპოზიციამაც, რომელიც სააკაშვილის შეწყალების სანაცვლოდ, პრეზიდენტს იმპიჩმენტზე უარის თქმას პირდება
“ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მმართველმა პარტიამ სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყო. იმისათვის, რომ იმპიჩმენტი შედგეს, პარლამენტის ორი მესამედის ხმებია საჭირო. ქართულ ოცნებას პარლამენტში 90 მანდატი აქვს. საჭირო უმრავლესობისთვის მას 10 ოპოზიციონერის ხმა სჭირდება. რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოიპოვოს. ეს კობახიძემაც იცის. ოპოზიცია, თავის მხრივ, პრეზიდენტს პირობებს უყენებს: თუ ის პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, რომელიც მძიმედ არის ავად, ისინი იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ“–წერს ARD-ს საინფორმაციო სამსახური.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი სტატიაში წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი მისი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპაში შეხვედრებს მართავს. სტატიაში საუბარია საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრზეც. გერმანული მედია წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სულ უფრო მეტად იხრება რუსეთისკენ. მოსახლეობა კი ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლით, შეშფოთებულია
“პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება. ქვეყანა წლებია ცდილობს ევროკავშირს შეუერთდეს, თუმცა ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სულ უფრო მეტად იხრება რუსეთისკენ. მოსახლეობა, რომელსაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აქვს, შეშფოთებულია იმით, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის. საფრანგეთში დაბადებული ზურაბიშვილი საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია. ის 2018 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. მისი საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს იწურება.“–ნათქვამია სტატიაში.