საქართველოს რუსული კომპანიისთვის $80.5 მილიონის გადახდა დაეკისრა

საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა წააგო, რის გამოც, ქართულმა მხარემ კომპანიას კომპენსაციის სახით 80.5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

“სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც ინტერ რაოს ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. ინტერ-რაო ითხოვდა კომპენსაციას $200 000-ის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა $80.5 მილიონი.

სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე”. – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

საქართველოსა და Inter Rao-ს შორის დავა 2017 წლიდან დაიწყო. კომპანია ითხოვდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალიც. საქართველოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან  ქვეყანაში არსებული სატარიფო მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკარგების ტარიფში კომპენსირებას.

ცნობისთვის, Inter Rao-ს მფლობელობაშია “თელასი”-ს აქციათა 75%-ს, ხოლო სს “ხრამჰესი 1” და “ხრამჰესი 2”-ის 100%-ს ნიდერლანდებში დაფუძნებული ორი სხვადასხვა შვილობილი კომპანიის მეშვეობით.