საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ – გვერდზე ვრცელდება.ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.
„ 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003). ვილი სანიოლმა მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ ბორდოს ხელმძღვანელობდა“, – აღნიშნულია ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია. აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ ბორდოში. მიუნხენის ბაიერნში კი, იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა. ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს, კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება“, – განაცხადა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა.
2011-2013 წლებში სანიოლი საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი იყო; 2013-2014 წლებში – საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი; 2014-2016 წლებში ბორდოს მთავარი მწვრთნელი, ხოლო 2017 წელს მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელის ასისტენტი.
რაც შეეხება ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერას 2000-2008 წლებში საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდა (58); ასევე არის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006); კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003). 1995-1997 წლებში – სენტ ეტიენი; 1997-2000 წლები – მონაკო. 1997 წელს – საფრანგეთის სუპერთასი, ხოლო 2000 წელს საფრანგეთის ჩემპიონი. 2000-2009 წლებში ის მიუნხენის ბაიერნში მოღვაწეობდა.
2001 წელს – უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი გახდა; ამავე წელს საკონტინეტთაშორისო თასის მფლობელი; 2001, 2003, 2005, 2006, 2008 წლებში გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი; ხოლო 2003, 2005, 2006, 2008 წლებში – გერმანიის თასის მფლობელი; 2001 წელს კი, გერმანიის ლიგის თასის მფლობელი.