ფიგურულ ციგურაობაში, საქართველო ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 20 წლის მოციგურავე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყო და თავისუფალი პროგრამის ოცდაოთხ მონაწილეს შორისაც საუკეთესო შედეგი აჩვენა. გუბანოვამ ორი დისციპლინის ჯამში 199,91 ქულა დააგროვა და საკმაოდ დიდი უპირატესობით – 6,43 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ბელგიელ ლეონა ჰენდრიკს. ბრინჯაოს მედალს კი შვეიცარიელი კიმი რეპონდი დაეუფლა.
დღემდე საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების არცერთ წევრს ისტორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული არ მოუპოვებია. აქამდე არსებული საუკეთესო შედეგი სამი ბრინჯაო იყო. ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი ორჯერ მოიპოვა, მორის ყვითელაშვილმა ერთხელ.