“საქართველოს ხელისუფლების რეაქცია სააკაშვილის (შესაძლო) დანიშვნაზე ბრიყვულია“–გია ნოდია

ექსპერტი გია ნოდია უკრაინის ვიცე პრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ბრიყვულს უწოდებს.

“საქართველოს ხელისუფლების რეაქცია სააკაშვილის (შესაძლო) დანიშვნაზე ბრიყვულია და მხოლოდ შიდა ფაქტორებით აიხსნება.

რამდენად და რაში გამოადგება ზელენსკის სააკაშვილი არ ვიცი და ვაღიარებ, რომ მისი გადაწყვეტილება მიკვირს. არც სააკაშვილისთვის უნდა იყოს, ჩემი აზრით, ვიცე-ზე დაწყებული თანამდებობა დიდად საპატიო. მაგრამ ეს მათი საქმეა.

ზელენსკის (ისევე როგორც მანამდე პოროშენკოს) გადაწყვეტილება რომ სერიოზულად არ იღებს საქართველოს სასამართლოს განაჩენს, ეს ცხადია, მტკივნეულია ხელისუფლებისთვის. მაგრამ ვინმე იღებს სერიოზულად ჩვენს სასამართლოს (მათ შორის საქართველოში, მათ შორის თვით ოცნების ხელისუფლებაში), რომ უკრაინამ მიიღოს?

ის არგუმენტი, რომ უკრაინა საქართველოსთან პარტნიორობას უნდა გაუფრთხილდეს, თეორიულად მართალია. მართლა რომ არსებობდეს ასეთი სტრატეგიული პარტნიორობა, უკრაინას ნამდვილად უნდა შეეკავებინა თავი ასეთი ჟესტისგან. მაგრამ ამ მთავრობის ხელში ოდესმე უგრძვნია უკრაინას მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან? ხოდა, ახლა რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში?“– ამბობს გია ნოდია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმა, გახარიამ განაცხადა, რომ ძებნილი ადამიანის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა მიუღებელია და ამ გადაწყვეტილებას რეაქცია მოჰყვება.

უკრაინის პარლამენტს საპროტესტო წერილი გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელშიც წერს რომ ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და დააზიანებს უკრაინის და საქართველოს ურთიერთობებს.