საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით საქართველოს ხელისუფლება 6 თვის მანძილზე 150 ლარის დახმარებას მისცემს იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს. ასევე სუბსიდიას მიიღებენ ის ბიზნესებიც, ვინც თანამშრომლებს შეინარჩუნებენ. ეს ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე ქვეყნების მიერ Covid19-ის წინააღმდეგ გატარებული ზომების ჩამონათვალში საქართველოს გრაფაში წერია. თუმცა ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით არ განუცხადებია.
აქვე მოყვანილია საქართველოს ხელისუფლების მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები:
მთავრობის მიერ 9 ძირითადი პროდუქტის – ფქვილის, ხორბლის, მაკარონის, ბრინჯის, ზეთის, შაქრის, რძის ფხვნილის, ლობიოს, წიწიბურას იმპორტის სუბსიდირება და აღნიშნულია, რომ ამ პროდუქტების მარაგის შესაქმენლად სახელმწიფო 50 მილიონს დახარჯავს. ფონდის ინფორმაციით საქართველოს მთავრობა განიხილავს საკრედიტო გარანტიის სქემასაც ეკონომიკის აღსადგენად პოსტკორონავირუსის პერიოდში. გატარებულ ზომებში ნახსენებია ხელისუფლების გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისა და ტურისტული ბინესისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადების შესახებ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყოფა, თუმცა გახარიას არ დაუკონკრეტებია, რაში დაიხარჯება კონკრეტულად ეს თანხა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში ასევე მოხსენიებულია ის ღონისძიებები, რომელიც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ და ამ დრომდე გაატარა, როგორიცაა საგანგებო სიტუაციის გამოცხადება, გარკვეული რეგიონების საკარანტინო სივრცეებათ გამოცხადება და მათი ჩაკეტვა, ასევე სასწავლო პროცესის შეჩერება და საზღვრების ჩაკეტვა.