ფრანგული რადიო Radio France Internationale აქვეყნებს რეჟი ჟანტე–ს სტატიას საქართველოს შესახებ სათაურით “საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მეტად ავლენს პრორუსულობის ნიშნებს“, რომელშიც საუბარია საქართველოს ხელისუფლების მზარდ პრორუსულობაზე რუსეთ–უკრაინის ომის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პროდასავლური განწყობების ფონზე:
“ომი, რომელსცაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში შეშფოთებას იწვევს. მათ შორის საქართველოში – სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკაში, რომელიც თავს უკრაინის მეგობრად თვლის, თუმცა, სულ უფრო მეტი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსული პოლიტიკისკენ იხრება.
საქართველოს მოსახლეობის სამი მეოთხედი აშკარად პროდასავლურად არის განწყობილი, მეოთხე მეოთხედი კი არა პრორუსული, არამედ რუსეთის მიმართ სიფრთხილით არის განწყობილი. ამიტომაც ქართული ხელისუფლება, რომელიც მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, ფორმალურად ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების პოლიტიკას ატარებს.
თუმცა ბოლო წლებში ვხედავთ ბიძინა ივანიშვილის ხალხის მიერ, როგორებიც არიან პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ან მმართველი პარტიის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკას, რომელიც მთლიანად დასავლეთთან ურთიერთობის დანგრევისკენ არის მიმართული და მისი წარმომადგენლების მიმართ ძალიან აგრესიული განცხადებებით გამოირჩევა.
გადაწყვეტილებები, რომლებიც დემონსტრატიულად არის მიმართული ევროპული მოთხოვნების წინააღმდეგ დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებით, ასევე მიიღება საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან. მაგალითად, მაისში 3.5 წელი ციხე მიუსაჯეს მთავარი ოპოზიციური ტელეარხის დირექტორს, ზუსტად პრემიერ მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის წინ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც სახალხო დამცველი აღწერს, როგორც “კანონიერების პრინციპების უხეშ დარღვევას“.
მეორე მაგალითია გასულ ზაფხულს 6 მოსამართლის დანიშვნა უზენაეს სასამართლოში იმ დროს, როცა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თბილისში იყო ჩასული და ლიდერებთან ერთად მიაღწია შეთანხმებას, რომლის პრინციპებს ეს დანიშვნები სრულად ეწინააღმდეგებოდა.
თუნდაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ პოზიციას იმით ხსნიდეს, რომ არ უნდა რუსეთის გაღიზიანება და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს იცავს, მისი გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, კარგად არ გამოიყურება: საქართველოს, თავის მხრივ დაკარგული აქვს საკუთარი ტერიტორიების 20% და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმები რუსული არმიის მიერ არიან მხარდაჭერილი.“
ამითვე აიხსნება დაბრკოლებები, რომლებიც ომის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ შეუქმნა უკრაინულ თვითმფრინავს თბილისში დაჯდომისას, რომელსაც რამდენიმე ათეული ქართველი მოხალისე უნდა წაეყვანა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად. მათ ბოლოს მაინც შეძლეს იქ ჩასვლა. ამ ფაქტმა კი საქართველოს მთავრობასა და უკრაინას შორის ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა, რადგან ივანიშვილის ხალხი აშკარად ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ეძებდნენ მიზეზებს უკრაინასთან ურთიერთობების გასაფუჭებლად“– წერს ფრანგული რადიო.