საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ არ იცის გადადის თუ არა კორონავირუსი საერთო კოვზით ზიარებისას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს საღამოს განაცხადა, რომ ჯერჯერობით ჩაუტარებიათ მეცნიერული კვლევა და არ იცის, გადადის თუ არა კორონავირუსი საერთო კოვზით ზიარებისას.

ჟურნალისტმა მინისტრს ასეთი კითხვა დაუსვა: შეგიძლიათ დაზუსტებით გვითხრათ, რომ ზიარების კოვზით არ გადადის კორონავირუსი?

ჯანდაცვის მინისტრმა კითხვას ასე უპასუხა:

“ამ საკითხზე საჭიროა მეცნიერული კვლევა. თუ ჩვენ ამ კვლევას ჩავატარებთ შესაბამისად შეგვეძლება მერე  გაგცეთ ამაზე  კითხვაზე  პასუხს.“

ახალი ტიპის კორონავირუსის, Covid19-ის შესახებ ბევრი რამ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საკმაოდ ბევრი რამ უკვე შესწავლილი, გამოკვლეული,  გარკვეული და დადგენილია, მათ შორის ის, რომ ის წვეთოვანი გზით გადადის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე ახალი კორონავირუსის შესახებ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში მისი გავრცელების გზების შესახებ ვკითხულობთ:

“ადამიანები შეიძლება Covid19–ით შეიძლება დაავადდნენ ადამიანისგან, რომელსაც ვირუსი აქვს. დაავადება შეიძლება ადამიანიდან ადამიანს გადაეცეს მცირე წვეთებით ცხვირიდან ან პირიდან, რომლებიც ვრცელდება, როცა დაინფიცირებული ადამიანი ახველებს ან სუნთქავს. ეს წვეთები ზედაპირებზე,  და ნივთებზე ხვდება ადამიანის გარშემო,  შემდეგ კი სხვა ადამიანები ეხებიან მას. შემდეგ ადამიანები ეხებიან ამ ზედაპირებს და ამ ხელით თვალს, ხელს ან პირს ეხებიან. ადამიანები ასევე შეიძლება დაინფიცირდნენ , თუ ისინი Covid19-ით დაინფიცირებული ადამიანის მიერ ამოხველებულ ან ამოსუნთქულ წვეთებს ჩაისუნთქავენ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დაავადებულიდან მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა.“

იქვე მითითებულია, რომ გავრცელების გზების შესახებ ინფორმაცია ახალი შედეგების მიღების შემთხვევაში განახლდება. თუმცა, ეს არის ის, რაც ჯანმომ ამ დროისთვის უკვე ზუსტად დაადგინა და რასაც ეფუძნება მთელ მსოფლიოში განხორციელებული პრევენტული ზომები.

რა საფუძველი აქვს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ინფორმაციას არ ენდოს და რა კვლევის შედეგებს ელოდება, უცნობია.