“საქართველოს ჰყავს ოლიგარქი, რომელიც მიზანდასახულად ცდილობს სტატუს ქვოს შენარჩუნებას მის სასარგებლოდ“–აშშ–ს ყოფილი ელჩი, დეგნანი

ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს საქართველოში აშშ–ს ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით, რომლებიც მან დღეს  ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში დისკუსიაზე გააკეთა. დეგნანი რუსულ კანონზე, ქართველების რეაქციებზე და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე საუბრობს, რომელსაც მისი აზრით საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიყავს:

– “ქართველები ახლა, კიდევ ერთხელ დგანან ქუჩაში, იმ დროს, როცა მმართველ პარტიას ძალით გააქვს რუსული სტილის კანონი დასამტკიცებლად. გუშინ მიიღეს პირველი მოსმენით და არ გამიკვირდება, რომ ხალხის ნების უგულებელყოფით, ისინი ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ.
– მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ მმართველმა ძალამ, ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას. იმ მისიებისა, რომელთა დისკრედიტაციასაც ახდენდნენ გასულ წლებში. მათ სურთ რომ არ ისმოდეს კრიტიკის ხმა არჩევნების პროცესთან მიმართებაში. სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს.

– ძალიან ვღელავ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში და იმ ფაქტზე, რომ მომდევნო პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს და ამით მმართველი პარტია შეძლებს კონტროლი ჰქონდეს ხელისუფლების ყველა შტოზე, ეს კი დემოკრატია არ იქნება.

– ვფიქრობ, რომ კიდევ იქნება კრიზისი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ამჯერად, ამ კანონის გარშემო მიმდინარე პროტესტისთვის, სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უკეთაა ორგანიზებული ვიდრე გასულ წელს.

– ირონიულია, რომ კაცი, რომელიც 2018 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი ავტორი იყო და ახლა პრემიერ-მინისტრია, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია და არ გამიკრიდება, თუ ქართული ოცნება ოქტომბერში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს, ისინი როგორმე შეცვლიან 78-ე მუხლს. ამ და სხვა ცვლილებებით, ქართული ოცნება ეტაპობრივად შეეცდება, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგონ.

– იმის გამო, რომ ქართველების ისტორია სავსეა ბრძოლებით, როცა თავისუფლების მოყვარულები საბოლოოდ ამბობდნენ რომ „საკმარისია“, არ ვიცი ამ შემთხვევაში რა იქნება მაპროვოცირებელი, ეს შეიძლება იყოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი, კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები ოქტომბერში ან სხვა რამ, მაგრამ მჯერა, რომ თავისუფლების სული და თავისუფლებისადმი ამ ერის ლტოლვა, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს.

– საქართველო, ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ და ეს ძალიან მაღელვებს, რადგან ვხედავ, ამ მხრივ, გლობალურ ტრენდს.

– საქართველოს ჰყავს ოლიგარქი, რომელიც მიზანდასახულად ცდილობს სტატუს ქვოს შენარჩუნებას მის სასარგებლოდ და აქ არსებობს ენდემური, მაღალი დონის კორუფცია და მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტები.“– თქვა დეგნანმა.