საქართველოში ბავშვები შიმშილით არ იხოცებიან, ვიცი, ჩემზეც გაილაშქრებენ – ხუნდაძე

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით არ იხოცებიან.

მისი თქმით, ამ განცხადების შემდეგ მასზე ისევე “გაილაშქრებენ”, როგორც ლადო კახაძეზე.

“განსაკუთრებით მძიმეა ბავშვთა სიღარიბე, რომელიც დაუძლეველია. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, დიახ არიან ბავშვები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, არიან ბავშვები, რომლებიც არასრულფასოვნად იკვებებიან და, რა თქმა უნდა, ეს მათი ჯანმრთელობისათვის არასახარბიელოა. რასაც პარტიული ტელევიზიები ყოველდღიურად აკეთებენ, თითქოს ქვეყანაში ბავშვები შიმშილის გამო ყოველდღიურად იხოცებიან, რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე, ტყუილია ისიც, რომ ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად არაფერი კეთდება, ვიცი ამაზე ჩემზეც გაილაშქრებენ, როგორც არ აპატიეს ლადო კახაძეს, მაგრამ, სიმართლე არს ეს, რაც ბატონმა ლადომ ბრძანა. საბედნიეროდ, მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა ქვეყანაში ბავშვები შიმშილით არ იღუპებიან”, — ამბობს ხუნდაძე.

11 დეკემბერს ლადო კახაძემ ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხა, დაესახელებინა ერთი შემთხვევა, როცა საქართველოში ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა.