ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეს საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით “კურიოზული სიტუაციაა” შექმნილი.
მისი შეფასებით, ვაქცინაციის ტემპზე გავლენა იქონია საზოგადოების პოლიტიკურმა პოლარიზაციამ. ის ვაქცინაციის დაბალ ტემპს “ანგაჟირებულ ტელევიზიებს” აბრალებს.
“თქვენ როგორ გგონია, პოლიტიკური პოლარიზაცია მარტო პოლიტიკაში რჩება? არა, ის ვრცელდება ყველაფერზე. როდესაც გარკვეული ანგაჟირებული ტელევიზიები და ექსპერტები, პოლიტიკოსები სისტემატურად მოუწოდებენ ადამიანებს, რომ რასაც თქვენ ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა გთავაზობთ, ყველაფერი ცუდია. ამბობენ, “ისინი მკვლელები არიან”, ჩვენზე არიან მკვლელებიო, რომლებმაც ათეულ ათასობით ადამიანი გადავარჩინეთ და ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკური მართვა გვაქვს მსოფლიოში.
შეფარულია – უშუალოდ, ვაქცინა არ გაიკეთოთო არ ეუბნებიან, მაგრამ ეუბნებიან, რომ რასაც მთავრობა და ექიმები გთავაზობენ, ის თქვენთვის ცუდია და იმიტომ გთავაზობენ. ეს მომენტი ახდენს გავლენას მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე”,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც არ იცრებიან, საბოტაჟს უწყობენ თავის ჯანმრთელობას და ქვეყანას.