საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში – 21 ადამიანი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

,,ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს ერთი პაციენტი, რომელთანაც გუშინ გვიან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტი დღეს დატოვებს ალბათ ჩვენს ცენტრს”,- ამბობს ეზუგბაია.

მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული 4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა. მისივე თქმით, დანარჩენი სამის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

“4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და თუ ასე გაგრძელდება, ხვალიდან შეგვიძლია ვთქვათ რომ ის კრიტიკული აღარ იქნება. დანარჩენ შემთხვევებში მდგომარეობა უცვლელია. პროგნოზირება და გამოსავალზე ლაპარაკი ძალიან ძნელია თუნდაც ამ მძიმე კრიტიკული მდგომარეობის სტაბილიზირება“- თქვა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან არცერთი პაციენტის მდგომარეობა არ არის კრიტიკული ან მძიმე.

ბოლო მონაცემებით საქართველოში COVID-19-ით 108 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 21 უკვე გამოჯანმრთელდა.