ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს. ამჯერად წერილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ზაზა შათირიშვილი, რომელმაც ბოლო ერთი თვეა რამდენიმე წერილი მიუძღვნა ივანიშვილის დავას შვეიცარულ ბანკთან და ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩასათრევად ივანიშვილს აშანტაჟებს, ამჯერადაც ივანიშვილის დასანქცირების უკან ამერიკის ინტერესებს ხედავს:
“როგორც საზოგადოებას მოეხსენება, გუშინ ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და გვარამიას განთავისუფლება მოითხოვეს, თბილისში პრაიდის არჩატარება დაგმეს, სასამართლოსთან დაკავშირებით შემაშფოთებელი აღქმები კიდევ ერთხელ გაგვიზიარეს და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს.
დღესავით ნათელია, რა დგას ამ ყველაფრის უკან. როგორც ქართულმა საზოგადოებამ, ისე ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, რომ სიმართლე სულ სხვაგანაა. თუმცა, სამწუხაროდ, არც ქართველებს და არც ევროპელებს არავინ არაფერს ეკითხება. დიდი ძალისხმევის, შანტაჟისა და ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება არ ჩაერთო ომში და ამისათვის უნდა დაისაჯოს. ამერიკელებს უნდათ ჩვენი დასჯა და ყველამ კარგად იცის, რომ ევროპის რესურსი, მათ წინააღმდეგობა გაუწიოს, სრულიად ნულოვანია.
სააკაშვილი რომ კრიმინალია და მისთვის ის მისჯილი 6 წელიც არაფერია, ამერიკელებმა ჩვენზე უკეთ იციან. თუმცა, ხვდებიან, რომ საქართველოში ომის დაწყებისთვის სააკაშვილის განთავისუფლება საუკეთესო ნიადაგს შექმნიდა. ომის პარტიას ომის ტელევიზიაც ჭირდება და რადგან ომის პროპაგანდას გვარამიაზე უკეთ ვერავინ გაართმევს თავს, მის გაშვებასაც ამიტომ ითხოვენ. პრაიდის ჩატარებაც როგორც შარშან, ისე წელს და გაისად იმიტომ უნდათ, რომ ამით საზოგადოება გახლიჩონ და მღელვარების ახალი ტალღა შექმნან.
ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი სასაცილოც აღარაა იმ ფონზე, რომ ეს კაცი პოლიტიკაში არავითარი ფორმით აღარ ჩანს. არავის არცერთი ფაქტი არა აქვს პოლიტიკაში მის მონაწილეობაზე, თორემ მის გამომზეურებას ამერიკელებს ვერავინ დაასწრებდა. შესაბამისად, ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობა და მისი რუსული კავშირები სრული ფიქცია რომაა, ესეც ყველამ ძალიან კარგად იცის. თუმცა, ივანიშვილს იქით „კრედიტ სუისის“ გადარიცხვებით აშანტაჟებენ და აქეთ სანქციების მუქარით.
ადრეც ვამბობდი, რომ ევროკავშირის კანდიდატობა, რომელიც, პრაქტიკული თვალსაზრისით, არცერთი ქვეყნისთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს, მხოლოდ ჩვენთვის მოიფიქრეს. სადაც თურქეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას უკვე 23 და 17 წელზე მეტს ალოდინებენ, იქ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შეიძლება 30-50 წელიც ალოდინონ, მანამდე კი ევროკავშირისგან რა დარჩება, კაცმა არ იცის.
ამერიკელები საქართველოს ფულს რომ აძლევდნენ, ამ ფულის წართმევით დაგვაშანტაჟებდნენ. თუმცა, ფულს არ გვაძლევენ და შესაბამისად, შანტაჟისთვის ახალი ხრიკის მოფიქრება – კანდიდატის სტატუსი დასჭირდათ. კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ისეთ პირობებს მიაბამენ, რომელთაგან უკლებლივ ყველა სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობის, ხელისუფლების ცვლილებისა და ნაცმოძრაობის დაბრუნებისკენ იქნება მიმართული. ეს ყველაფერი რამდენიმე დღის წინ სალომე სამადაშვილს საჯაროდ წამოცდა კიდეც.
მოკლედ რომ შევაჯამო, ამერიკელებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იმდენად უნდათ, რომ ამისათვის უკვე ყველაფერს კადრულობენ. თუმცა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ ეს მცდელობები ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს და ხელისუფლება საქართველოს დამღუპველ ომში არასოდეს ჩართავს.
მეგობრისთვის თავიც შეიძლება გაწირო, თუმცა, მეგობარი, რომელიც შენგან თავის გაწირვას მოითხოვს, მეგობარი არცაა. აქედან გამომდინარე, ამერიკელებს საქართველოსთვის მორალურად შემოსადავებელი არაფერი აქვთ.”– წერს ივანიშვილის ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.