ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ახალი რეპრესიული კანონმდებლობის ამოქმედების გამო. განცხადებაში, რომელიც ოფისმა გამოაქვეყნა ნათქვამია, რომ ახალი კანონმდებლობა მნიშვნელოვნად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მონაწილეობას:
“საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და დემოკრატიული და ადამიანის უფლებების გარემოს გაუარესების ფონზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 4 მარტს მიღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
ეს ცვლილებები ითვალისწინებს სანქციებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვა უცხოური დაფინანსების მიმღები პირებისთვის, უკრძალავს მათ პოლიტიკური პარტიების წევრობასა და საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრას, დამატებით ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას და კრიმინალიზაციას უწევს ისეთ საქმიანობას, რომელიც ხელისუფლების „დელეგიტიმაციად“ შეიძლება ჩაითვალოს.
ახალი კანონმდებლობა უარყოფითად იმოქმედებს გამოხატვის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე და მნიშვნელოვნად შეზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მონაწილეობას. კანონის ფართო ფორმულირებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე, არამედ ცალკეულ ექსპერტებზე, კონსულტანტებსა და მომსახურების მიმწოდებლებზეც.
მკაცრი სისხლისსამართლებრივი სანქციები და ფართოდ და ბუნდოვნად განსაზღვრული ტერმინები, როგორიცაა „მასობრივი დაუმორჩილებლობა“ ან „ექსტრემიზმი“, რომლებიც შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, არ შეესაბამება სამართლის უზენაესობის სტანდარტებს სამართლებრივი განსაზღვრულობისა და პროგნოზირებადობის შესახებ და ქმნის თვითნებური სამართალდაცვის რისკს.
უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაცია მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე, სასჯელით ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით, არაპროპორციული ზომაა და საფრთხეს უქმნის იმ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას ახორციელებენ.
მანამდე ODIHR უკვე აფრთხილებდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდოს მათი საქმიანობა. 2025 წლის მარტში ოფისმა ასევე გამოხატა შეშფოთება დემონსტრაციების რეგულირებასა და შეკრების სხვა ფორმებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ გათვალისწინებული სანქციები ზედმეტად მკაცრი იყო და არ შეესაბამებოდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.
ეუთოს ყველა წევრმა სახელმწიფომ აღიარა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა ძლიერი და წარმატებული დემოკრატიისთვის. მათ ასევე შეთანხმდნენ, პატივი სცენ პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლებას და უზრუნველყონ „გარანტიები, რომლებიც მათ ერთმანეთთან თანასწორ პირობებში კონკურენციის საშუალებას მისცემს“.
ოფისი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანონები შეესაბამებოდეს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს და რომ ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებები იყოს დაცული.“–ნათქვამია განცხადებაში.















