“გუშინდელი განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც გიორგი მარგველაშვილი შეხვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, გააკეთა მკვეთრი განცხადებები, ნამდვილად იტვირთა მაკონსოლიდირებელი ფუნქცია და ამ ყველაფრის ფონზე “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ დაესაჯა მიხეილ სააკაშვილი და გაეტაცებინა ის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან.
ჩემი პოზიცია შემდეგია იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არის არამხოლოდ პარტიის ლიდერი, არამედ პირველ რიგში, ჩემი მეგობარი, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე სასწრაფოდ გადასარჩენია, რაც ვერ მოხდება სამხედრო ჰოსპიტალში ბადრაგებისა და იმ ექიმების გარემოცვაში, ვინც ხელს აწერს მისი გაწერის ფორმას, მაშინ, როცა ძალიან კარგად იციან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და არამხოლოდ ფიზიკური, არამედ ნევროლოგიურიც მისი რეაბილიტაცია აქ წარმოუდგენელია. სასწრაფოდ მისი გადაყვანა უნდა მოხდეს ან ჩვეულებრივ, სამოქალაქო დაწესებულებაში ან მეტიც, ჩემი პოზიცია ძალიან მყარია იმ მხრივ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ნებისმიერ ადგილზე მიხეილ სააკაშვილი გახდება ბიძინა ივანიშვილის მსხვერპლი, ამიტომ მისი გადაყვანა და რეაბილიტაცია აუცილებელია ალბათ, საზღვარგარეთის რომელიმე ძალიან მნიშვნელოვან კლინიკაში, სადაც ის პერსონალური შურისძიების მსხვერპლი არ იქნება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან”
თქვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობა დაასრულა, ამიტომ გუშინ აპირებდნენ მის გადაყვანას რუსთავის ციხეში. უწყების ცნობით, ამ დროს მიხეილ სააკაშვილი შეუძლოთ გახდა, რის გამოც მისი გადაყვანა გადაიდო.