საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება სამწუხარო რეალობაა, რაც გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს, – ამის შესახებ საუბარია გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციის “ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ანგარიში ეხება საპროტესტო აქციებისა და სასამართლო პროცესების მონიტორინგს. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, 2021 წელს ჩატარებული საპროტესტო აქციების მონიტორინგის შედეგად, მრავალი დარღვევა გამოვლინდა.
ანგარიშში შესულ საქმეებს შორის მოხვდა: გიგი უგულავას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, გიორგი რურუას და სამოქალაქო აქტივისტების საქმეები. ასევე, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული, 2021 წელს დაკავებული აქტივისტების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები. ანგარიშში ასევე საუბარია სპეცრაზმელების საქმეებზე.
“ძალიან მძიმე წელი იყო საქართველოში. იზღუდებოდა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, ასევე სასამართლო პროცესებშიც იყო დიდი პრობლემები. სამწუხაროდ, სასამართლო რეალურად არ არის დამოუკიდებელი. ბევრმა გარემოებამ ეს აჩვენა და პოლიტიკური მართლმსაჯულება სამწუხარო რეალობაა საქართველოში, რაც გავლენას ახდენს იმ გადაწყვეტილებებზე, რაც გამოტანილი უნდა იყოს სწორედ ასეთი ტიპის სენსიტიურ საქმეებზე. ხშირად არის პოლიტიკური მართლმსაჯულების ხელწერა და ხშირად არის, რომ საზოგადოებასაც სამართლიანი პროტესტი და კრიტიკა აქვს ამ გადაწყვეტილებების მიმართ”, – აცხადებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი.
მონიტორინგის ქვეშ დაახლოებით, 30-მდე საპროტესტო აქცია მოექცა, მათ შორის არის “ნამახვან ჰესის” წინააღმდეგ გამართული აქციები, პოლიტიკური პარტიების მიერ არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, მოძრაობა “სირცხვილიას” და სხვა სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგაზინებული აქციები.
„ყველაზე სამწუხარო მოვლენად შეიძლება შეფასდეს 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები, როდესაც ჰომოფობიურმა რადიკალურმა ჯგუფებმა იძალადეს მედიაზე და სამოქალაქო აქტივისტებზე. ანგარიშის მიხედვით, იყო უმოქმედობა და რადიკალური ჯგუფების წაქეზება, ასევე იყო პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის განცხადებები, რაც გავლენას ახდენდა ჯგუფების აქტიურ ქმედებებზე. ამავდროულად, 5 ივლისს პოლიცია პრაქტიკულად უმოქმედოდ იყო. ადგილზე არ აკავებდა მოძალადეებს და დაზარალებული ჟურნალისტების გარემოდან გარიდებით იყო დაკავებული. სამწუხაროდ, ამან მოიტანა ის სავალალო შედეგები, რაც ვნახეთ. პოლიცია შედარებით აქტიური 6 ივლისს იყო და ამ დღეს მოხდა მოძალადეების დაკავება. შემდგომში კი უკვე პრობლემურია გამოძიებები”, – აცხადებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მთავრობას მოუწოდებს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლების არაპროპორციული შეზღუდვისგან თავი შეიკავონ. ამასთან, გამოაშკარავონ 5-6 ივლისს “წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული” ძალადობრივი ქმედების ჩამდენთა დამფინანსებელი ორგანიზაციებისა და პირების ვინაობა.