საქართველოში რბილი ლოკდაუნია, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, რათა კორონავირუსის მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ.

მისი თქმით, აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში ბევრად მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, ვიდრე საქართველოში.

“უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და კონტროლი მის შესრულებაზე. ეს არის გზა, რომ კოვიდინფექციის გავრცელების მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ…

საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით არის რბილი ლოქდაუნი. საქართველოში კერძო მანქანებით ქუჩები გადავსებულია, რასაც იქ ვერ ნახავთ…. აშშ-სა და ინგლისში ისეთი ლოქდაუნებია, ჩვენ არც დაგვესიზმრება. ინგლისში ადამიანების საბუთის გარეშე ბინიდან გასვლის უფლება არა აქვთ. რომ ამბობთ, ჩვენთან სასწრაფო და კლინიკაში ადგილი არ იყოო, აშშ-სა და ინგლისში სასწრაფოები კილომეტრიან რიგებში დგანან და ავადმყოფებს 8-8 საათი სასწრაფოებში გატარება უწევთ, რადგან კლინიკაში ვერ ათავსებენ. აშშ-ში განკარგულება გასცეს, რომ ჟანგბადი მხოლოდ იმას მისცენ, ვისაც 90-ზე ნაკლები აქვს, მაშინ როცა ჩვენ 93-ზე ნაკლებზე ვაძლევთ“, – ამბობს ცერცვაძე.

მისივე განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ როცა თებერვლიდან შეზღუდვები მოიხსნება, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას რაც შეიძლება დაბალი საწყისი რაოდენობა ჰქონდეს.