საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა, აშშ–დან და ევროკავშირიდან გაიზარდა

საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მცირდება, ევროკავშირის ქვეყნებიდან და აშშ–დან გზავნილების მოუცლობა კი გაზრდილია.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის სექტემბრის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ  წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობა ჯამში შემცირდა. 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 283.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 26.7%–ით – 103.3 მილიონი დოლარით ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2022 სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა  387.2 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 177.4 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის სეტქემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აქედან ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდიოდა173.94 მლნ დოლარი. ევროკავშირის ქვეყნები – 91.99 მლნ; აშშ – 28.67 მლნ.

საინტერესო ამ სტატისტიკაში ის არის, რომ კლება წელს მთლიანად რუსეთიდან გზავნილების ხარჯზე მოხდა. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით რუსეთიდან გზავნილები 65.81%–ით შემცირდა. თუ შარშან სექტემბერში რუსეთიდან 173 .94 მლნ დოლარი გამოიგზავნა, წელს ეს მაჩვენებელი 59.47 მლნ დოლარია. რუსეთის წილმა გზავნილების მთლიან მოცულობაში 2023 წლის სექტემბერში 20.95% შეადგინა. არადა 2022 წელს ეს წილი რეკორდულად მაღალი იყო. მაგალითად, სექტემბრის თვეში 44.84%. 2022 წლის ზოგიერთ თვეში კი 59%–მდე მიაღწია.

ეს დიაგრამა ასახავს რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდის და კლების მაჩვენებელს 2021 წლის აგვისტოდან 2023 წლის სექტემბრამდე.

რუსეთისგან განსხვავებით გაზრდილია გზავნილების მოცულობა აშშ–დან და ევროკავშირიდან. თუ 2022 წლის სექტემბერში ევროკავშირიდან გზავნილების მოცულობა 91.99 მლნ დოლარი იყო, აშშ–დან კი 28.68 მლნ დოლარი, 2023 წლის სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადმა გზავნილებმა 110.64 მლნ დოლარი შეადგინა, აშშ–დან კი 41.25 მლნ დოლარი . 2022 წლის სექტემბერში  ევროკავშირიდან გზავნილები საერთო მოცულობის 23.76% იყო, აშშ–დან  7.41%. 2023 წლის სექტემბერში ევროკავშირის წილი 38.97%–მდე გაიზარდა, აშშ–სი კი 14.53%–მდე. ჯამში ევროავშირიდან და აშშ–დან ფულადი გზავნილების წილი საერთო მოცულობაში  2022 წლის სექტემბერში 31.17% იყო, 2023 წლის სექტემბერში კი 53.5%.

ცალკე აღებული ციფრები უფრო საინტერესო ხდება, თუ მათ დინამიკას შევხედავთ.

რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში უკრაინაში ომის დაწყებამდე, 2020–2021 წლებში  საერთო მოცულობის 20%–ის ფარგლებში მერყეობდა.

მაგალითად, 2021 წელს, რუსეთიდან გამოგზავნილი თანხების მოცულობა 375 მილიონი დოლარი იყო.

2022 წლის პირველ სამ თვეში წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციაც კი დაიწყო, თუმცა, უცებ, ომის დაწყებისთანავე იწყება ნახტომისებრი ზრდა.

თუ 2022 წლის იანვარში და თებერვალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 22 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა, 2022 წლის მარტში უკვე 133 მლნ დოლარი შეადგინა, აპრილში კი 313.9 მილიონი დოლარი. ჯამში 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2023 წლის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ სტაბილური კლება დაიწყო. მართალია 2023 წლის სექტემბრის გზავნილების მოცულობა ომამდელ პერიოდს კვლავ აღემატება, თუმცა კლების ტენდენცია გრძელდება.

განსხვავებულია დიაგრამა აშშ–ს შემთხვევაში. აშშ–დან ფულადი გზავნილების მოცულობა ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება.

2023 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა ევროკავშირიდან გზავნილების მოცულობა. თუ 2022 წლის პირველ 9 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 780 მილიონი დოლარი გამოიგზავნა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 950 მილიონს გადააჭარბა.

შედარებისთვის: 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში, ანუ პირველ 9 თვეში ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 701 მლნ დოლარი იყო.