საქართველოში რუსი ემიგრანტები უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე სომხეთში- სოციოლოგიური კვლევის შედეგები

პროექტმა OutRush ჩაატარა გამოკითხვა რუსული ემიგრაციის შესახებ, რომელმაც ქვეყანა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დატოვა. მკვლევარებმა შეაფასეს ცვლილებები  611 ერთი და იგივე  ადამიანის ცხოვრებაში მარტსა და სექტემბერში. სექტემბრის გამოკითხვაში ასევე მონაწილეობდა 1500-ზე მეტი ახალი რესპონდენტი. შედეგები ჯერ არ შეიცავს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყნიდან წასულთა პასუხებს.

კითხვარების უმეტესობა შევსებულია საქართველოში, თურქეთსა და სომხეთში. ერთ–ერთი ვებგვერდისთვის, რომელიც საქართველოში ემიგრიგებული რუსების საკითხებს აშუქებს, სოციოლოგებმა ამ ქვეყნების მონაცემები გააანალიზეს.

ირკვევა, საქართველოში ემიგრანტები უფრო კმაყოფილი არიან ცხოვრებით, ვიდრე სომხეთში. ისინი ასევე საქართველოში უფრო მეტად განიცდიან ბედნიერებას და ნაკლებად განიცდიან დეპრესიას და მწუხარებას. თუმცა, ისინი, ვინც თურქეთში გადასახლდნენ, კიდევ უფრო კარგად გრძნობენ თავს.

ამავდროულად, რუსი ემიგრანტები ნაკლებად გრძნობენ მიჯაჭვულობას თურქეთთან, ვიდრე საქართველოსა და სომხეთთან. ეს  განპირობებულია ქვეყნების კულტურული და ისტორიული სიახლოვით რუსეთთან და უფრო მცირე ენობრივი ბარიერით, ამბობს პროექტის მკვლევარი ივეტა სერგეევა.

შედეგები ასევე უარყოფს რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ მობილური ოპერატორების მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ წასული რუსების უმრავლესობა დაბრუნდა.

OutRush პროექტის ავტორები არიან ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის, ჰელსინკის უნივერსიტეტის თანამშრომლები და დამოუკიდებელი მკვლევარები: ივეტა სერგეევა, ემილ კამალოვი, მარგარიტა ზავადსკაია და ნიკა კოსტენკო. მონაცემები შეგროვდა Noda პროექტის (ყოფილი OK Russians) საინფორმაციო მხარდაჭერით.