საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურების საფასური, შესაძლოა, გაიზარდოს. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მუშაობა განაახლონ, საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი, რისი ღირებულებაც გაძვირებულია.
„იმისათვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკამ განაახლოს თავისი მუშაობა ამისთვის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ მას ჰქონდეს მარაგი, მაგალითად ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის მარაგი. 100%-ით კი არა, 400%-ით არის გაზრდილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ეს არამხოლოდ ჩვენთან არის ასე, არამედ მსოფლიო პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ერთი პაციენტის, მაგალითად პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ 50 ლარამდე მინიმუმ იზრდება მხოლოდ ეკიპირების ფასი“, – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.
კითხვაზე, თუ რამდენი პროცენტით, შეიძლება, გაიზარდოს სტომატოლოგიური მომსახურების საფასური, ქეთევან გოგილაშვილმა აღნიშნა, რომ ეს განსჯის საკითხია, რომელსაც ექსპერტთა საბჭოს შეკრება სჭირდება.
„დღესდღეობით ერთიანი მიღებული ფასი, რომლითაც ყველა კლინიკა მუშაობს, არ არსებობს. ზოგი მაღალი, ზოგი საშუალო, ზოგი დაბალი ფასებით მუშაობს, მაგრამ იგივე ფასითაც რომ დატოვო ყველაფერი, მხოლოდ ეკიპირება აძვირებს.
ჩვენ ვაპირებთ, განცხადებით მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს. არ ვიცი პასუხი როგორი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩინეთიდან ჩამოსული დიდი რაოდენობის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებიდან რაღაც სტომატოლოგიურ დაწესებულებებსაც გადაეცემა“, – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.