საქართველოში ფეისბუქზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის მკაცრი მოთხოვნები გავრცელდება – ბენიძე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წარმომადგენლის, მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, Facebook–მა 50–მდე ორგანიზაციას წერილზე უპასუხა. ბენიძე წერს, რომ სოციალური ქსელი 2020 წლის არჩევნებზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის უზრუნველყოფს.

“როგორც გახსოვთ, 2 კვირის წინ, 50-მდე ორგანიზაციამ “ფეისბუქს” მივმართეთ 2020 წლის არჩევნებზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მოთხოვნით. სულ ახლახანს კი, ამ წერილზე “ფეისბუქის” ოფიციალური პასუხი მივიღეთ. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის სრულყოფილად ამოქმედების შესახებ, შესრულდება”,– წერს ბენიძე.

მისი თქმით, ორგანიზაციების ძირითადი მოთხოვნა პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის სრულყოფილად ამოქმედების შესახებ, შესრულდება და აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში “ფეისბუქზე” პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის მკაცრი მოთხოვნები გავრცელდება. 

“ასევე, წერილის მიხედვით, ვიგებთ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში “ფეისბუქი” პოლიტიკური რეკლამის განმათავსებლებს მიაწვდის ინფორმაციას რეკლამების გამჭვირვალობის მოთხოვნების შესახებ, რათა მათ შეძლონ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ეს წერილი ადასტურებს, რომ “ფეისბუქი” სერიოზულად მოეკიდება 2020 წლის არჩევნებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ 2020 საკმაოდ დაძაბული საარჩევნო წელია ასევე აშშ-შიც. ამასთან, “ფეისბუქისთვის” მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და უკუკავშირი. დაბოლოს, პოლიტიკური აქტორებისთვის შესაბამისი ინსტრუქციების მიცემა, ნიშნავს, რომ პოლიტიკური რეკლამის თამაშის წესები დადგენილი და ცნობილი იქნება. შესაბამისად, ამ მოთხოვნების შესრულება უკვე თითოეული ამ აქტორის პასუხისმგებლობა იქნება”,– აცხადებს ბენიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სოციალური მედიის საზოგადოებრივ განწყობებზე ზემოქმედების მიზნით გამოყენების გამოწვევები ამით არ აღმოიფხვრება.

“მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობა “ფეისბუქზე” 2020 წლის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს”,–აცხადებს მიხეილ ბენიძე.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიებმა ფეისბუქის სპეციალური წერილით მიმართეს.

ორგანიზაციებმა სოციალურ ქსელს თხოვეს, აამოქმედონ პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის მექანიზმები.

“საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. ფეისბუქს აქვს შანსი, მტკიცე ქმედებებითა და საინფორმაციო გარემოს დაცვის გზით პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს ამ არჩევნებზე. ამისთვის, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის  ფეისბუქის ხელთ არსებული მექანიზმები” – წერია მიმართვაში.