საქართველოში ყალბი კოვიდპასპორტების დამზადების ბრალდებით 7 პირი დააკავეს

საქართველოში ყალბი კოვიდპასპორტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დაკავეს.  დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები.

4-მა ბრალდებულმა 350€-ს სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს “ფაიზერის” ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი დაუმზადა. 3-მა ბრალდებულმა 400 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს “სინოფარმის” ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი დაუმზადა.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო ფაიზერის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო სინოფარმის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.”- ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.