საქართველოში ყოფნის 5 თვის შემდეგ, ადვილად გასაგებია ამერიკელებისა და ქართველების მეგობრობა – დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოში გატარებული 5 თვის შემდეგ, უფრო ადვილი გასაგებია ქართველებისა და ამერიკელების მეგობრობა. მან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის 244-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიმართვაში თქვა, რომ საქართველო და ამერიკა მტკიცედ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული.

მისივე თქმით, ამერიკელების მსგავსად ქართველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, ქართველებსაც ისევე დასჭირდათ ბრძოლა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

დეგნანმა აღნიშნა, რომ თვალსაჩინოა ქართველების გამბედაობა და სიმტკიცე, რაც “აისახა ბოლო ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებში”.

“ქართველები ამერიკელების მსგავსად მზად არიან, თავდაუზოგავად იშრომონ ისეთი ცვლილებების განსახორციელებლად, როგორი ცვლილებებისთვისაც ოცნებობთ თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის თავისუფალი, უსაფრთხო და დემოკრატიული საქართველო. საქართველო და ამერიკა მტკიცედ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც გულისხმობს არა მარტო ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისათვის ბრძოლას, არამედ მტკიცე ნებას გააგრძელონ სწრაფვა უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ ფართო წარმომადგენლობითობისა და ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებებისაკენ. ჩემთვის და მთელი ამერიკის საელჩოსთვის უდიდესი პატივია გავაგრძელოთ საქართველოსთან ახლო თანამშრომლობა და ქართველ მეგობრებთან ერთად ვიზეიმოთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღე,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩა თავისი სიტყვა გალაკტიონ ტაბიძის ლექსით დაამთავრა, რომელიც მისი აზრით, ეხმიანება ამერიკელებისა და ქართველების სიყვარულს თავისუფლებისადმი:

“თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს – წყარო ანკარა… დროშები ჩქარა!”. დაე, ჩვენს თავზე იფრიალოს თავისუფლების დროშამ”.