საქართველოში შესაძლოა ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს.საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დაწყებულია

შესაძლოა, ქვეყანაში ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს.ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსის, ნოე მეგრელიშვილის კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს. მეგრელიშვილის განცხადებით, საუბარია ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანის შეზღუდვაზე, რაც თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და აღსრულების მექანიზმის შემუშავების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ქვეყანაში „ევრო 5“ სტანდარტის ქვემოთ ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.

„აუცილებლად უნდა შემოვიღოთ ავტომობილის ემისიის სტანდარტი, ანუ შევზღუდოთ ძველი და ბინძური ავტომობილების იმპორტი ქვეყანაში. ამის გარეშე ამ პროცესის [ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება] დაჩქარება გაძნელდება. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. ჩავატარეთ მოკვლევა, თუ რომელი ემისიის სტანდარტის შემოღება არის რეალისტური საქართველოში ამ პერიოდისთვის. იცით, რომ როგორც საწვავებს აქვთ ევროსტანდარტები, ისე აქვს ავტომობილებსაც და ჩავატარეთ კვლევა, რომ დაგვედგინა, ევროსტანდარტის ქვემოთ რომელი ავტომობილის აკრძალვა შეიძლება და ამ კვლევამ გამოავლინა, რომ ევრო 5 სტანდარტის შემოღება რეალისტურია ქვეყანაში. ტექნიკური რეგლამენტის სამუშაო ვერსია შემუშავებულია, უბრალოდ აღსრულების მექანიზმია ახლა შესათანხმებელი, თუ როგორ მოხდება საზღვარზე ავტომობილების პირველადი რეგისტრაციის დროს ამის გაკონტროლება და აღსრულება, რომ ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილი ვეღარ დარეგისტრირდეს ჩვენ ავტოპარკში. აღსრულების მექანიზმის შემუშავების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდება და პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება”, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.