„განცხადება იყო პოზიტიური და ბუნებრივია, ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. პოზიტიური განცხადებები პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღების, აღსრულების საფუძველს გვაძლევს. ამავდროულად, ჩვენ ვიცით ერთი რამ – საქართველო არცერთი მიმართულებით სწორ სვლას რაიმეს ხარჯზე, რაიმეს დათმობის საფასურად არ აპირებს. როდესაც საუბარია, გუშინაც ამაზე ვსაუბრობდით, ასეთივე იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის მესიჯებიც, ასეთივე იყო შემხვედრი გზავნილები, რომელიც როგორც ევროკავშირისგან, ასევე ნატო-ს ხელმძღვანელებისგან, ლიდერებისგან მომდინარეობს, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს ეროვნული ინტერესების ფარგლებში და არცერთი მიმართულებით სვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცები დავთმოთ. მითუმეტეს, საქართველო და მისი არცერთი მოქალაქე არასდროს გაიფიქრებს, რომ დათმოს ტერიტორიული მთლიანობა, ევროკავშირისკენ სვლა, წინსვლა და განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. ეს ყველაფერი ერთად ჩვენ უნდა შევასრულოთ. თუკი რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ან ჯგუფებს ეს რადიკალური ერთი მიმართულება ექნება, კონსერვატიული, ლიბერალური, საგარეო მიმართულებებზე რაც არ უნდა კამათი მიდიოდეს საქართველოში და თქვენი კითხვაც აქედან გამომდინარეობს, ბუნებრივია, მე ვხვდები საითაც მიგყავთ ეს საუბარი, რაც არ უნდა მიმართულებები გვქონდეს ჩვენ აზროვნების, მენტალობის თუ რაღაც აღქმების, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, არცერთ მათგანს არ დავთმობთ.[…] მშვიდობა თუ დათმე, შეიძლება მეორე რაღაც უფრო სწრაფად მიიღო, მაგრამ ეს იქნება შენი მოქალაქეების სიცოცხლის, ქვეყნის განადგურების ხარჯზე. ასეთი არც რაღაც მიმართულებით სვლა არ უნდა ამ ქვეყანას, არც მეორე მიმართულების ნაცვლად პირველი მიმართულებისკენ რაღაც სვლები, მაგრამ ამას შემთხვევით არ ვამბობ, ყველაფერი ერთად არის ურთულესი მისია და ამ სირთულეს ჩვენ დავძლევთ. სწორედ იმიტომ ვართ ჩვენ თავდაჯერებულები, ამაყები ამ გადაწყვეტილებებში, რომ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა და მისი ხელისუფლება, რომელსაც შესწევს უნარი, ამ ოთხ გზაზე ერთად იაროს, თორემ რომელიღაც მიმართულებით თუ ივლი, შეიძლება მეორე მარტივად მოიპოვო, მაგრამ სირთულე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შენ მშვიდობასაც, ეკონომიკურ კეთილდღეობასაც, დეოკუპაციასაც, ევროპასაც ერთ გზაზე მიყვები და ეს ერთადერთი გზაა, რომელზეც ჩვენ ვდგავართ, სხვა გზებზე იარონ სხვებმა, მაგრამ ამის საშუალებას ქვეყანა და მისი ამომრჩეველი არ მისცემს“

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვაზე, ბრიუსელში გაკეთებული განცხადებების ფონზე რა აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო ნატო-ში ან ევროკავშირში 2030 წელს მაინც გაწევრიანდება.