საქართველო არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას – სამინისტრო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

“გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე განხილულ საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას.

გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში და შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით არის მცდარი.

საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ვთხოვთ ქართულ მედია საშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მიაწოდონ მოსახლეობას ქართულ მხარესთან გადამოწმებული პოზიციაც”,- აცხადებს უწყება.

ცნობისთვის, ჩეჩნეთში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლაი პატრუშევის ვიზიტი შედგა, რომლის დროსაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი რუსეთის გეგმებზე სპეციალურ თათბირზე ისაუბრეს.

ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, ვლადიმირ სლასტენინმა თათბირზე ჩეჩნეთიდან საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის პროექტზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით სანქციების პირობებში მნიშვნელოვანია უცხოეთის ქვეყნებთან ტვირთბრუნვის გაზრდისთვის.