კომპანია „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სტივ ნიკანდროსი და კომპანიის პრეზიდენტი ზაზა მამულაიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილობით მიმართავენ.
წერილში წერია, რომ საქართველო რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე დავიდა და შენიღბულია როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. წერილში ასევე წერია, რომ საქართველოში მკვეთრად გაუარესდა საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ ცნობს კანონის უზენაესობას, იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს და უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას
“„2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატიურ ნგრევას. შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. ეს პოლიტიკური წარმოდგენა გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული დახმარების მისაღებად აშშ მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს
ამავე წელს ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ დაიწყო კონტრაქტის შეწყვეტის თვითნებური მცდელობა, რომელიც მოგვიანებით საარბიტრაჟო სასამართლომ უკანონოდ სცნო. რატომ? ბუნებრივი გაზის იმპორტის ფავორიტული პირობები მიენიჭათ Gazprom-ს და SOCAR-ს, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებას ირანის მთავრობასთან გაზის იმპორტთან დაკავშირებით. ამავე დროს კი ფრონტერას მცდელობა რომ აეთვისებინა გაზის საბადო აღმოსავლეთ საქართველოში, რომელსაც შეეძლო უფრო იაფი და კონკურენტული გაზი მიეწოდებინა ქართველი მომხმარებლისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად აწყდებოდა კონტრაქტის გაუქმებას, სახელმწიფო მედიის დეზინფორმაციას და ექსპროპრიაციას. რატომ? 2016 წელს, ჩინურ CEFC გადაეცა 75% იანი საკონტროლო პაკეტი ფოთის სტრატეგიულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. თქვენ პირადად ჩახვედით ჩინეთში, რომ გეზეიმათ ხელშეკრულების ხელმოწერა. თუმცა, კომპანიამ ვეღარ განახორციელა $ 150 მილიონის საინვესტიციო ვალდებულება, რასაც არც ჯარიმა და არც საჯარო კრიტიკა არ მოჰყოლია. თუმცა, თქვენ საჯაროდ მოიხსენიეთ „ფრონტერა“, როგორც არაკეთილსინდისიერი კომპანია და ეს მაშინ, როცა ფრონტერამ $500 მილიონზე მეტის ინვესტირება განახორციელა საქართველოში მიუხედავად მხოლოდ $18 მილიონის ვალდებულებისა. თანაც ნავთობისა და გაზის ის მარაგი აღმოაჩინა, რაც საქართველოს გახდის ენერგოდამოუკიდებელს
თქვენმა მთავრობამ წამოიწყო საარბიტრაჟო დავა საქართველოში ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორის, ფრონტერას წინააღმდეგ, კონტრაქტის გაუქმების მიზნით. რატომ? ყველა იმ კომპანიის მსგავსად, რომლებიც წინ აღუდგნენ ანტიამერიკულ კლეპტოკრატიულ პოლიტიკას, ჩვენც გავხდით სახელმწიფოს მიერ მართული და რუსული მედიის ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე, საეჭვოდ მსგავსი ყალბი ამბების გამოყენებით ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ, მათ შორის ჩვენი სამუშაოების და არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ. რატომ? ყველა მხარე დაზარალდა თქვენი მთავრობის მიერ განხორციელებული ძვირი და წარუმატებელი შეტევის შედეგად. თუკი საქართველოს ნამდვილად სურს გრელვადიანი ქართულ- ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ კითხვა ისმის რატომ მუშაობთ ამდენს და ხარჯავთ ამდენ თანხას, რათა შეუწყვიტოთ კონტრაქტი ყველაზე დიდ ინვესტორს შეერთებული შტატებიდან? ახლა, როცა ხელისუფლების იურიდიული ქმედება „ფრონტერას“ წინააღმდეგ დასრულდა, იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქციული სულისკვეთებით დავხურავთ ამ თავს და უფრო ძლიერ და წამახალისებელ სიგნალს გაუგზავნით ამერიკულ კომპანიებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ელის მრავალწლიანი წარმატებული ამერიკული კერძო ინვესტიციები“
2020 წლის აპრილის ბოლოს, საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ განაცხადა, რომ „ფრონტერასთან“ კონტრაქტს წყვეტს საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების საფუძველზე, რადგან კომპანიამ პირობები დაარღვია.