საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს, – ასე ეხმაურება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ინტერვიუს.
„ლავროვის განცხადებაზე ხელისუფლების პოზიცია პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ გაახმოვანა. მე, რასაკვირველია, შემიძლია ის გითხრათ, რომ საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, არავითარ დათმობას არ აპირებს. საერთაშორისო სამართლის პრინციპებით სიმართლე ჩვენ მხარესაა – ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, ამიტომ თუ რუსეთს სურს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია, რასაკვირველია, პირველ რიგში, უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რა საკვირველია, საუბარი რაიმე ტიპის ნორმალიზაციაზე. მე მინდა გითხრათ, საქართველოს არჩევანი არის მშვიდობიანი დემოკრატიული განვითარება, დარწმუნებული ვართ, მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაინგრა“, – განაცხადა თალკავაძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი კარასინ-აბაშიძის ფორმატში მალე აღდგება.