საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომელსაც ევროკავშირი საზღვრებს უხსნის – Euronews

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებს გარე საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ.ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა  წერს, ბრიუსელში მაღალჩინოსნები დახურულ კარს მიღმა განიხილავდნენ საკითხს, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ პირველი ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და რომლებს კვლავ აეკრძალებათ, მას შემდეგ, რაც ევრობლოკი გარე საზღვრებს გახსნის.

ჩამონათვალმა უკვე გამოიწვია დაპირისპირება, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კორონავირუსით განსაკუთრებით დაზარალებული აშშ სიაში წარმოდგენილი არ არის. ასევე  სიის მიღმა რჩებიან რუსეთი და ბრაზილია.

ევროპელმა დიპლომატებმა „ევრონიუსს“ განუცხადეს, რომ ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ თუ რომელ ქვეყნებს დაუბლოკავენ კვლავაც ევროკავშირის საზღვრებს და მოლაპარაკებები პარასკევს გაგრძელდება.

„ევრონიუსმა“ ევროკავშირის დიპლომატიური წყაროებიდან იმ ქვეყნების სრული ჩამონათვალი მოიპოვა, რომლებსაც ევროპის საზღვრებს გაუხსნიან. ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც. თუმცა მასში არ არიან აშშ, ბრაზილია, ყატარი და რუსეთი.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა წარმომადგენლებს ევროპაში შესვლა შეეძლებათ: ვატიკანი, მონაკო, მონტენეგრო, ანდორა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა, ალბანეთი, თურქეთი, კოსოვო, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ტაილანდი, მიანმარი, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, საქართველო, ბჰუტანი, ლიბანი, ინდონეზია, უზბეკეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, პალაუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დომინიკა, ბაჰამის კუნძულები, სენტ-ლუსია, ურუგვაი, იამაიკა, კუბა, გაიანა, პარაგვაი, ვენესუელა, ნიკარაგუა, კოსტა – რიკა, კანადა, ანგოლა, ტუნისი, ნამიბია, უგანდა, მოზამბიკი, მავრიკი, ზამბია, რუანდა, ეთიოპია, მაროკო, ალჟირი და ეგვიპტე.