საქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის მხრივ.. ვშიშობთ, რომ საერთოდ გამოეთიშება რბოლას – პავილიონისი

“საქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის მხრივ.. ვშიშობთ, რომ საერთოდ გამოეთიშება რბოლას ” – ამის შესხებ აცხადებს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.

“ეს მხოლოდ ახლა არ მომხდარა. ჩემი აზრით, ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მთავრობამ გადადგა იყო მიმართული ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისთვის ძირის გამოსათხრელად.

ლიეტუვაში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება იქცევა, როგორც გვიანდელი იანუკოვიჩი, როდესაც ცდილობს დასავლეთს დააბრალოს ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, რომ ჩვენ დაგვბრალდეს, თითქოს საქართველოს ხელი ვკარით და ქვეყანა სრული სვლით წავიდეს რუსეთისკენ და ჩინეთისკენ. საქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის მხრივ, დღეს კი ჩამორჩა და ვშიშობთ, რომ საერთოდ გამოეთიშება რბოლას.

ჩვენ ევროკავშირში რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, მივანიჭოთ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ვიცით, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით დგას და ქართველი მეომრებიც თავს სწირავენ უკრაინელების მხარდამხარ. ამიტომ, გული გვტკივა, რადგან გვინდა, რომ ეს სტატუსი მივცეთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა ამ მთავრობას, რომელიც მას არ იმსახურებს.

იგივე ხდება ნატოსთან დაკავშირებითაც. საქართველო იყო უპირველესი კანდიდატი და ახლა მას უკრაინამ გადაასწრო. უკრაინა ერთ ნაბიჯში დგას ნატოს წევრობიდან და მხოლოდ მოწვევა დარჩა. ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძვით და როდესაც უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, საქართველოს პერსპექტივებიც გაიზრდება, თუმცა ეს მოხდება არა საქართველოს ამ მთავრობის, არამედ იმ მეომრების დამსახურებით, რომლებიც სისხლს ღვრიან უკრაინაში,” – თქვა პავილიონისმა.