საქართველო ნატოს წევრობის სტანდარტებს უკვე აკმაყოფილებს – ანდრეს ფოგ რასმუსენი

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

მისი თქმით, რუსეთს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ვეტო დაადოს.

“ნატოში გაწევრიანება ქართველების გადასაწყვეტია და არა კრემლის. ევროპაში ყველა სუვერენულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება გადაწყვიტოს ამა თუ იმ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი. ეს თბილისისა და ბრიუსელის გადასაწყვეტია”, – განაცხადა რასმუსენმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე.

მან ქართულ პარტიებსა და კანდიდატების საარჩევნო პირობის დადებისკენ მოუწოდა. ისინი პირობას დადებენ, რომ არ გამოიყენებენ ისეთ ტაქტიკებს, რაც პირდაპირ, თუ ირიბად ხელს შეუწყობს არჩევნებში ჩარევის მსურველ გარე ძალებს.

“ამ დათქმის მიზანია, რომ შეამციროს ჩარევის საფრთხე და გაზარდოს ქართული დემოკრატიის მედეგობა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. მათ, ვინც უცხოეთიდან ერევიან, იციან, რომ კანდიდატებს სჭირდებათ გამარჯვება და ზოგიერთი მათგანი დამატებითი დახმარების მისაღებად ნებისმიერთან ითანამშრომლებს, მაგრამ ამ შეთანხმებით ჩვენ ვთხოვთ კანდიდატებს, რომ ნათლად თქვან, რომ წინ აღუდგებიან ნებისმიერ დახმარებას უცხოელი ბოროტი აქტორებისგან. მოკლედ, ეს არის შეთანხმება ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელსაც სურს პატიოსანი და წესიერი კამპანიის წარმოება.

ჩემი გზავნილი ქართულ პარტიებთან და კანდიდატებთან მარტივია – ხელი მოაწერეთ დათქმას.

იმედი გვაქვს, რომ მეტი პარტია შეუერთდება ჩვენს ინიციატივას. დათქმაზე ხელმოწერით კანდიდატები და პარტიები ცხადს გახდიან, რომ მათი პრიორიტეტი საქართველოს დემოკრატიის დაცვაა, იმიტომ, რომ საქართველოს დემოკრატიას სჭირდება ქართველი დემოკრატების დაცვა”, – თქვა ანდერს ფოგ რასმუსენმა.