ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ამ დრომდე ფარმაცევტული კომპანია “გილეადის” გავლით პრეპარატ „რემდესივირის“ მიღება ვერ მოხერხდა. ის ამბობს, რომ პრეპარატი საქართველოში, ქვეყნის კვლევების პროგრამაში ჩართვით მოხერხდება. „რემდესივირი“ კოვიდ-19-ით ინფიცირებულების სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენება შეერთებულ შტატებში, 1 მაისს იქნა დაშვებული. მას კომპანია „გილიადი” აწარმოებს.
„გილეადის მექანიზმით პრეპარატის პირდაპირ, უშუალოდ ჩვენამდე მოღწევა ვერ მოხერხდა და მათი რეკომენდაცია იყო სოლიდარობის კვლევაში საქართველოს ჩართვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამ დრომდე, “რემდესივირთან” დაკავშირებით ამირან გამყრელიძე და თენგიზ ცერცვაძე აცხადებდნენ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნებოდა, რომელიც პრეპარატს მიიღებდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პრეპარატი საქართველომ კომპანიას უკვე შეუკვეთა.
„ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ასეთი მცირე ნაკადით პაციენტების, რომელიც მკვლევარებისთვის, ბუნებრივია, რომ კვლევის თვალსაზრისით არ არის საინტერესო და დიდი, მოხვდა ამ კვლევაში“, – განაცხადა გაბუნიამ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს კვლევაში ჩართვის ერთ-ერთი განმაპირობებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თბილისის თანამშრომლობა გახდა.
„რემდესივირის“ დადებით ეფექტებზე საუბრობენ შეერთებულ შტატებში. ალერგიათა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ პრეპარატი კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებში ეფექტურად მუშაობს. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ “რემდესივირს” გამოჯანმრთელების დაჩქარების საქმეში “მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი” აღმოაჩნდა. “მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვის უნარი აქვს” – ამბობს ექიმი ფაუჩი.
კვლევაში, რომლის საფუძველზეც აღნიშნული განცხადება გაკეთდა, 21 თებერვლიდან მოყოლებული, ათასი ახალი კორონავირუსის გართულებით ჰოსპიტალიზებული პაციენტი მონაწილეობდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ კვლევაში, ის პაციენტები, რომელთაც “რემდესივირით” უმკურნალეს, საშუალოდ 11 დღეში გამოჯანმრთელდნენ, ხოლო ისინი ვისაც პლაცებო მისცეს საშუალოდ 15 დღეში. ამასთან “რემდესივირის” ჯგუფის შემთხვევაში გარდაცვალების მაჩვენებელი 8 პროცენტი იყო, ხოლო პლაცეპო პაციენტებთან 11.6 პროცენტი.
კომპანია “გილეადის” მიერ წარმოებული პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა მსგავსი კორონავირუსებით გამოწვეული სხვა დაავადებების მკურნალობის საქმეშიც.
წყარო: ამერიკის ხმა