ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო მედიკამენტ “რემდესივირს” 25-30 ოქტომბრიდან მიიღებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
“შექმნილი სიტუაციის გადაჭრის კიდევ ერთი გზა არის შემდეგი – მთავრობის ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ახალი და დღეისთვის ყველაზე იმედის მომცემი მედიკამენტის, “რემდესივირის“, რაც შეიძლება სწრაფი შემოტანა, რისი შემოტანაც ჯერჯერობით ფუფუნებაა, რადგან ჯერ მხოლოდ ამერიკას აქვს საშუალება ჰქონდეს ეს მედიკამენტი ავადმყოფებისთვის. კიდევ რამდენიმე ქვეყანა არის შეძენის პროცესში. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანა, შემუშავებულია უკვე მექანიზმი, რომელიც იოლი არ იყო, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო დგას მედიკამენტის რიგში, ასევე ბევრი ბიუროკრატიული პროცედურაა. ზოგიერთ შემთხვევაში ორი თვე სჭირდება წამლის მოწოდებას, თუმცა აქ გამოინახა მექანიზმები, რომ 10-14 დღეში მოწოდება განხორციელდება და სადღაც, 25-30 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსის მძიმე ან კრიტიკული ფორმა, ყველაფერთან ერთად რა მკურნალობაც ახლა უტარდებათ, სამკურნალოდ დაემატებათ დღეისთვის ნომერ პირველი საშუალება “რემდესივირი”, ხოლო შედარებით შორეულ მომავალში ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულებიც, რომლის კვლევაშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას. საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით”, – განაცხადა ცერცვაძემ.