საქართველო, რომელიც მიიწევდა EU-სა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ – ზელენსკი

”საქართველო, რომელიც მიიწევდა EU-სა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ” –თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლოდიმირ ზელენსკიმ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში.

”მე არ მინდა ვილაპარაკო ამ ბანალურ საკითხებზე, რომ მას სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და გავლენის ქონა მათზე. ის ამას ნელ-ნელა აკეთებს. მე უბრალოდ არ მინდა… ხალხმა უნდა იცოდეს დეტალები. მაგალითად, საქართველო, რომელიც მიიწევდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტები.

მათ აქვთ აფხაზეთი, იგივე რაც ჩვენთან დონბასში ხდება, რომელიც კონტროლდება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ. აფხაზეთი არ ვითარდება, ის უბრალოდ საქართველოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩამკვდარი ნაწილია. თუ ოდესმე შესაძლებლობა გექნებათ, წადით იქ, თქვენ გაიგებთ, რომ ის უბრალოდ ჩაკვდა, რადგან პუტინს ასე უნდოდა. მას უნდოდა არ დაეშვა მათი განვითარება, რადგან გაყინული კონფლიქტი ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში არ მიგიღებენ და ნატოშიც, ცხადია, არა, რადგან ახლა ასეა, გაყინული კონფლიქტის გამო, არ გიღებენ. და ეს პუტინის ნამოქმედარია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგოს ეს გავლენა. ანუ, მან საქართველო უკან მიაბრუნა.

ახალგაზრდები, სტუდენტები, ყველა ტოვებს ქვეყანას და ეს ფაქტია. საქართველო საკმაოდ მცირე ქვეყანაა. და ისინი წავლენ, მათ სურთ ევროპაში ცხოვრება, მათ სურთ განვითარება. ზოგი აშშ-ში, ზოგი ევროპაში, ზოგი ევროკავშირში, ზოგი ბრიტანეთში.

ახლა ის [პუტინი] იბრძოლებს მოლდოვის პარლამენტისთვის. ეს მისი მეორე ნაბიჯია. აპრილში ნახავთ, რა მოხდება. თქვენ ნახავთ, რომ ის დაიწყებს მოლდოვის ევროპიდან შემობრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ სურთ იქ წასვლა, ეს არ აინტერესებს. იქ იქნება პრო-რუსული პარტია და ისინირაღაცას მოუხერხებენ ამჟამინდელ პრეზიდენტს, რადგან მან… მან არჩევნები მოიგო, ის პროევროპელია, მაგრამ პუტინი ამას უკან მიაბრუნებს. შემდეგი ნაბიჯები სრულიად ცხადია.

პუტინი ყველაფერს გააკეთებს იქ, სადაც მან დაკარგა გავლენა, სადაც საბჭოთა კავშირის გავლენა იყო. ის ყველაფერს უკან მიაბრუნებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია”.- განაცხადა ზელენსკიმ.