საქართველო საკმარისად არ ახმოვანებს პოზიციას უკრაინასთან, რუმინეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად – ამის შესახებ, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა ბენ ჰოჯესმა, “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
“ვფიქრობ, საქართველო საკმარისად არ ახმოვანებს თავის პოზიციას უკრაინასთან, რუმინეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა ბრიუსელსა და ვაშინგტონს გააგებინოს, რატომაა შავი ზღვა ასეთი მნიშვნელოვანი რეგიონი. ახლა კიდევ ერთი შესაძლებლობაა გააგებინოს ამ ქვეყნებს, რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი “, – განაცხადა მან ფორმულას ეთერში.
“სამი რამ შემიძლია ვთქვა საქართველოსთან დაკავშირებით, პირველი – საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას სადაზვერვო მონაცემებით, სტრატეგიული გათვიცნობიერების გაზრდის თვალსაზრისით შავ ზღვასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ყველამ კარგად იცოდეს შავი ზღვის რეგიონზე და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე.
მეორე, საქართველოს უნდა გამოიყენოს ეს, როგორც შესაძლებლობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო რეგიონში, ყველა მსოფლიოში აკვირდება უკრაინას, შავ ზღვას, ადამიანები ახლა რუქაზე აღმოაჩენენ ამ ქვეყნებს და ფიქრობენ, სად არის კავკასია, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და საქართველომ უნდა შეხედოს ამას, როგორც შესაძლებლობას, რათა მოახდინოს დემონსტრაცია მისი კრიტიკული როლის, საკუთარი პოტენციალის და საქართველომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს, თუ რუსეთი არ შეჩერდება უკრაინაში და ისინი გააძლიერებენ საკუთარ პოზიციებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და გააგრძელებენ წნეხს საქართველოზე, შიდა წნეხიც იქნება დეზინფორმაციით, რადგან რუსეთი იგივე თვალსაზრისით, რომ არ უნდა წარმატებული უკრაინა, ასევე, არ სურს წარმატებული საქართველო. არ სურთ, რომ საქართველომ ისარგებლოს ლიბერალური საზოგადოების ყველა სიკეთით, ამის ეშინიათ. ძალიან დიდია ფსონი საქართველოსთვის ამ სიტუაციაში”, – ამბობს ჰოჯესი.