“ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება არ მარცხდება. ეს ასევე ეხება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და რომლებთანაც, ბოლოს და ბოლოს, საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, რომლის გარეშე საერთო მომავალი არ არსებობს.
მინდა, დღეს აქედან, საქართველოს პრეზიდენტის სასახლიდან მოგმართოთ თქვენ – მოგმართოთ იმ დროს, როცა შეიძლება ვიღაც ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას და ცრუ შიშების გაღვივებას. უნდა იცოდეთ და ამ სიტყვებზე მე ვაგებ პასუხს, როგორც ამ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს მიერ დადებულ პირობაზე, რამეთუ კავკასიამ არ იცის საკუთარი სიტყვის თუ დადებული პირობის გატეხვა – საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში. ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ხომ ვხედავთ, რომ ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრისმომტანია – არც განვითარების, არც თვითდამკვიდრების და არც იდენტობის დაცვის.
დღეს, საქართველოს პერსპექტივა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა – დაჩქარებული ევროპული ინტეგრაციის გზა, გვინდა ხელი გამოგიწოდოთ და ამ გზაზე დემოკრატიის, თვითდამკვიდრებისა და თავისუფლების გზაზე შემოგთავაზოთ, რომ ერთად ვიაროთ”
თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.