Freedom House ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც, საქართველო, ავტოკრატიზაციისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია მოხსენიებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანა, უნგრეთსა და სერბეთთან ერთად, ნახევრად-კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა.
ორგანიზაციის მეთოდოლოგიით ირკვევა, რომ ინსტიტუციები, დაწყებული მედიიდან სასამართლომდე, გასცდა პოლიტიზების იმ დონეს, რომელიც ჰიბრიდული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი და ახლა მოქცეულნი არიან მმართველი პარტიების ხელში მათი პარტიული და პირადი ინტერესების გამოსაყენებლად.
- “ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ჰიბრიდული სახელმწიფოები, როგორიცაა უნგრეთი, სერბეთი და ნაკლები მასშტაბით საქართველო, ანგარიშის მეთოდოლოგიით ყალიბდებიან ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებად. საკვანძო ინსტიტუციები, დაწყებული მედიითა და დამთავრებული სასამართლოთი, გასცდნენ ჰიბრიდული რეჟიმების კლასიკური დეფინიციის პოლიტიზირების ფარგლებს და ამჟამად მმართველი პარტიის ეფექტური კონტროლის ქვეშ არიან და მათი გამოყენება მიკერძოებულად ან პერსონალური სარგებლისთვის ხდება” – ნათქვამია კვლევაში.
ანგარიშში, ასევე აღნიშნულია, ”ქართული ოცნების” მიერ 2023 წელს ინიცირებულ “უცხოელი აგენტების” შესახებ რუსული სტილის კანონზეც. კერძოდ, როდესაც ხელისუფლებაზე ძლიერი ზეწოლა იყო, როგორც საგარეო ასევე საშინაო, ხელისუფლება იძულებული გახდა უკან გაეწვია კანონპროექტი. ანგარიშში წერია, რომ როცა ასეთი ზეწოლა ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმის ეს კატეგორია, ჩვეულებისამებრ, დათმობაზე მიდის.
- “ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის ტურბულენტური წლის მიუხედავად, უნგრეთის, საქართველოსა და კოსოვოს შეფასება უცვლელად რჩება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ აირიდა მსგავსი საფრთხე მარტში, როდესაც საქართველოს მოქალაქეების მასობრივმა მობილიზებამ და საერთაშორისო წნეხმა აიძულა ხელისუფლება, უკან გაეწვია ანტი-ენჯეო კანონმდებლობა.როდესაც ადგილობრივი და საერთაშორისო წინააღმდეგობა საკმარისად ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმების ქვეკატეგორიებს შესაძლოა უკან დაახევინო კონკრეტულ საკითხებზე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის მარტში, საერთაშორისო ხმამაღალი განცხადებებისა და მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვია რუსული სტილის “ოცხოური აგენტების” კანონი. ავტოკრატიზირებად ჰიბრიდულ რეჟიმებსა და ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარული რეჟიმების შორის განსხვავება მინიმალურია, თუმცა ნამდვილი ზღვარი გადის შეკრების თავისუფლების პატივისცემასა და იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას წინააღმდეგობის ჩასახშობად” – წერია კვლევაში.
Freedom House-ის განცხადებით, ეს აღწერა შეესაბამება, სერბეთს, სადაც პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის რეჟიმი ძალაუფლებაზე კონტროლს არჩევნების გაყალბებით, მედიაზე ზეწოლით, ოპოზიციის და აქტივისტების დისკრედიტაციით ინარჩუნებს. ამ კატეგორიაში მოქცეულ ქვეყნებში სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მიერ მთავრობის პოლიტიკაზე გავლენის შესაძლებლობა ლიმიტირებულია. სერბეთის მაგალითზე აღნიშნულია, რომ მსგავსი რეჟიმები პრაქტიკაში ისეთ ფარულ მიდგომებს იყენებენ, როგორებიცაა, დაშინება, დახშობა, თვალთვალი.
ანგარიშის ბოლოს კი ვკითხულობთ, რომ ავტოკრატიზებული ჰიბრიდები უახლოვდებიან მართვის სრულად ავტორიტარულ სტილებს, “საერთაშორისო საზოგადოებას არ უნდა ეშინოდეს, რომ მათ სწორედ ამგვარი რეჟიმების მსგავსად მოექცეს”.
“ავტოკრატიზებული ჰიბრიდები კვლავ რეაგირებენ საერთაშორისო ზეწოლაზე, ეს ევროკავშირმა ნათლად წარმოაჩინა ორბანის მხრიდან უკრაინის დაფინანსების საკითხის წინააღმდეგობის გაწევისას”. – წერია ანგარიშში.
Freedom House ასევე არ გამორიცხავს სანქციების გამოყენების შესაძლებლობასაც.