საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა – “ტაბულა”

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე, რომელიც აშშ-ს ქალაქ დეიტონში გაიმართა, საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა – ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს. ასამბლეაზე დასასწრებად საქართველოდან ”ოცნების” წევრები – მარიამ ლაშხი, ლევან მახაშვილი და გივი მიქანაძე ჩავიდნენ.

ამასთან, ტაბულას ცნობით, ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის გამო, პლენარულ სესიაზე შეიზღუდა საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობაც. ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტი განმარტავს, რომ საქართველოს “ახალმა პარლამენტმა ხუთი ადგილიდან მხოლოდ სამი შეავსო, ხოლო დანარჩენი ორი ცარიელი დატოვა იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ბოიკოტს შეწყვეტს და პარლამენტში დაბრუნდება. არსებობს შესაძლებლობა, რომ მომდევნო პლენარულ სესიაზე ხუთივე წევრმა მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, სამმა სრულმა წევრმა და ორმა შემცვლელმა წევრმა მმართველი პარტიიდან”.

გამოცემის ცნობით,  კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ გარკვეული პრივილეგიების შეზღუდვით, პლენარულ სესიაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა სამ წევრამდე შეზღუდოს, ხოლო ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნების შემთხვევაში, ამ სამიდან ერთი ადგილი ოპოზიციისთვის გამოიყოფა. შედეგად, საქართველოს დელეგაცია, შეზღუდული უფლებამოსილებებით, ვერ შეძლებს სესიაზე შესწორებების წარდგენას და ვერ მიიღებს მონაწილეობას GSM სემინარებში, ქვედასაკომიტეტო ვიზიტებსა და NATO-ს საორიენტაციო და სხვა სატრენინგო პროგრამებში.

“ტაბულა” წერს, რომ სესიების განმავლობაში კომიტეტების თავმჯდომარეებსა და პრეზიდენტს ექნებათ უფლებამოსილება, სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცენ საქართველოს წარმომადგენლებს.