წელს პირველად მრევლი ბზობას ბზის გარეშე შეხვდება. კორონავირუსის გამო გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის, საგანგებო მდგომარეობის და ვაჭრობის მკაცრად განსაზღვრული აკრძალვების და შეზღუდვების გამო მცენარე საქართველოს ტერიტორიაზე არსად გაიყიდება.
მცენარის ტოტები ბზობის დღესასწაულისთვის ეკლესიის ეზოებსა და ბაზრობებზე წლების განმავლობაში იყიდებოდა, თუმცა ახლა მრევლის უმეტესობა მცენარის კურთხევასა და მის სახლში წაღებას ვერ შეძლებს. ტრადიციის დარღვევის მიუხედავად, საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში ღვთისმსახურება წესისამებრ აღევლინება.
საკითხზე ოფიციალური განცხადება საპატრიარქოს, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია. ცალკეული სასულიერო პირების, მათ შორის, მეუფეების თქმით კი, ბზის კურთხევას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, ვისაც ნერგი სახლში აქვთ და მცენარეს ეკლესიაში მიიტანენ.
COVID- 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბზის რეალიზაცია შეაჩერა ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომაც.