დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმიანება 4-5 ნოემბერის ღამეს საბურთალოს, ვაკის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანის, სამგორის, გლდანის, სამტრედიის, თელავის, ბათუმისა და წყალტუბოს საარჩევნო ოლქებთან არსებულ დაძაბულობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ თქვას უარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის გამოყენების მანკიერ პრაქტიკაზე და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ინციდენტში მონაწილე პირთა მიმართ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ.
DRI უარყოფითად აფასებს დაუსაბუთებელი და გაუმჭვირვალე პროცედურებით საარჩევნო კომისიების მიერ საჩივართა ნაწილის განხილვის გარეშე დატოვებას, რასაც საარჩევნო კანდიდატების პროტესტი მოჰყვა. ორგანიზაციის განცხადებით, სიტუაციის ნორმალიზების ვალდებულება სრულად ეკისრება ხელისუფლებას.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირობებში, რომელიც არასამთავრობო სექტორის მიერ უკვე შეფასდა, როგორც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი, აუცილებელია ცალკეული უბნების შედეგების ხელახალი დათვლა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვა. ამის საპირისპიროდ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევები, ავტორთა მონაწილეობის გარეშე. ასევე, საჩივრების განხილვაზე დასწრების შეზღუდვა სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კომისიის წევრთა მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და საჩივრის ავტორებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნით, აღნიშნულ პირთა დაკავება და მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევები”, – წერია DRI-ის განცხადებაში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო აქტივისტთა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობა, აღნიშნულ ძალადობაზე სამართალდამცავი სტრუქტურების უმოქმედობა და საარჩევნო კომისიების მიერ საჩივართა გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი პროცედურებით განხილვა ამცირებს ნდობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ, რაც ისედაც კრიტიკულად დაბალია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას:
- “შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს 4-5 ნოემბერს საარჩევნო ოლქებთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება.
- საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა წარიმართოს კანონის შესაბამისად, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურებით, საჩივრის წარმდგენ პირთა მონაწილეობით”, – ნათქვამია NGO-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, 9 ადამიანი დააკავეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები კომისიის სხდომაზე უფლებამოსილი პირების, დეპუტატებისა და დამკვირვებლების დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. კომისიის სხდომებიდან ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლების ნაწილი გამოაძევეს, ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
აქციაზე დაკავებული 7 აქტივისტის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.