უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ მისი ტელეგრამ არხზე დაადასტურა მისი თანაშემწის, მაიორის გენადი ჩასტიაკოვის გარდაცვალება.
“ენით აუწერელი ტკივილი და მძიმე დანაკლისი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და პირადად ჩემთვის.
დღეს, ტრაგიკულ ვითარებაში, მისივე დაბადების დღეზე, ოჯახურ წრეში გარდაიცვალა ჩემი თანაშემწე და ახლო მეგობარი მაიორი გენადი ჩასტიაკოვი.ერთ-ერთ საჩუქარში უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. გენადის ცოლი და ოთხი შვილი დარჩა. ვუსამძიმრებ ოჯახს…
სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან გენადი იყო ჩემთვის საიმედო საყრდენი, რომელმაც მთლიანად მიუძღვნა თავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას.
მიზეზები და გარემოებები წინასწარი გამოძიების ფარგლებში დადგინდება.
მარადიული ხსოვნა!“–წერს ზალუჟნი.
უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში UNIAN-ის სააგენტოს წყარომ განაცხადა, რომ ზალუჟნის თანაშემწე ხელყუმბარასთან დაუდევარი მოპყრობის გამო გარდაიცვალა. მისი თქმით, გენადი ჩასტიაკოვს დაბადების დღეზე საბრძოლო ხელყუმბარები გადასცეს, რომელთაგან ერთ-ერთი დაუდევარი გამო აფეთქდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენადი ჩასტიაკოვის 13 წლის ვაჟი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.